ქართული ენა / Georgian: თარგმანში დაკარგული
გამარჯობა!
ვფიქრობ იმაზე თუ რა უნდა დავწერო ამ პოსტში ინგლისურ და რუმინულ ენაზე. უკვე ვიცი, რომ პრობლემა შემექმნება ერთი და იგივე აზრის ორ ენაზე გადმოცემისას, თუმცა, ჩემი აზრით, ამ პოსტის მიზანიც სწორედ ესაა. ვიცი, რომ ბლოგერების უმრავლესობა ინგლისურად წერს, რათა მათი ნაწერი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის იყოს უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. ზოგი კი მშობლიურ ენაზე წერს, იქნება ეს ინგლისური, ფრანგული თუ სხვა ენა, რადგან იციან, რომ მკითხველები მათთან გეოგრაფიულად ახლოს არიან. მგონი, ჩემს ცხოვრებაში თარგმანში დაკარგული პირველად მაშინ აღმოვჩნდი, როგოდესაც დაახლოებით 20 წლის წინ მიუზიკლ “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს” ვუყურებდი (ეს კვლავ ჩემი საყვარელი მიუზიკლია!). გამეცინა, ფრაზა “entre chien et loup” სიტყვასიტყვით იყო ნათარგმნი, როგორც “ძაღლსა და მგელს შორის”. სინამდვილეში ეს ფრაზა იდიომაა და “ბინდს” ნიშნავს, რადგან ბინდისას ძნელია გაარჩიო ძაღლი (chien) და მგელი (loup). 2012 წლამდე ბევრს ვწერდი რუმინულად, მაგრამ მას შემდეგ, რაც წერა აქტიურად განვაახლე, ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისე ბლოგოსფეროში. აღმოჩნდა, რომ ახლა ჩემი აუდიტორია მხოლოდ რუმინეთში აღარ არის კონცენტრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ორ, სხვადასხვა ქვეყნიდან ან გარემოდან წამოსულ ადამიანს ენის დახმარებით აქვს შესაძლებლობა ერთმანეთთან კავშირი დაამყაროს, ხშირად ამ დიდი ძალის მქონე ხელსაყოს ხიდების აშენების ნაცვლად კედლების ასაშენებლად იყენებენ. დამაკავშირებელი ძალის საპირწონედ, ენას აქვს შესაძლებლობა ადამიანს შეუზღუდოს წვდომა ცოდნაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და ადამიანებს შორის იდეების მიმოცვლაზე. ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Youtube და Netflix, ხშირად ზღუდავენ კონტენტს ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც დამატებით კიდევ ერთ კედელს აშენებს მკითხველსა და ინფორმაციას შორის. მაგალითად, თუ რუმინელი ხარ და დასავლეთ ევროპაში ცხოვრობ, Netflix-ზე ვერ ნახავ იმ რუმინულ ფილმებს, რომლებსაც რუმინეთში ყოფნისას ნახავდი. ასე რომ, შეიძლება მეგობრებს ისეთ რამე ურჩიო, რაზეც მათ არასდროს ექნებათ წვდომა, თუ ფიზიკურად არ წავლენ რუმინეთში. იმისდამიუხედავად, რომ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაშ და ხელი მიგვიწვდება VPN-ებზე, ეს მაინც საკმაოდ უაზროა. ასე რომ, თუ გაქვთ ბლოგი, ვებსაიტი, მართავთ კომპანიას ან სხვა ტიპის საზოგადოებრივ დაჯგუფებას, ნუ შეუზღუდავთ ადამიანებს წვდომას მხოლოდ მათი ადგილმდებარეობის გამო, ისე როგორც ამას staples.com აკეთებს ევროკავშირიდან მომავალი ვიზიტორებისთვის.
სამსახურში, ფორუმებზე, ბლოგების კითხვისას, IRC არხებზე საუბრისას თუ World of Warcraft-ის თამაშისას, მქონდა შესაძლებლობა გამეცნო საოცარი ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილიდან, შემესწავლა მათი კულტურა, მუსიკა, ფილმები, წიგნები, იდეები, მისაბაძი პირები, სუპერვარსკვლავები და ლეგენდები. ეს დამეხმარა ჩემი ჰორიზონტი წარმოუდგენლად გაფართოვებაში. მსოფლიო ქსელი ყოველდღე ფართოვდება და ყველას პირადი არჩევანია იყოს მრავალენოვანი. შეგიძლია ისაუბრო ინგლისურად, იაპონურად, თუნდაც კლინგონურად და ეს ყველაფერი პირად არჩევანზეა დამოკიდებული. გარკვეულ დროს საკითხი შესაძლოა ენაში საერთოდ აღარ იყოს და მხოლოდ იმის დადგენა იყოს საჭირო თუ ვინ არის შენი აუდიტორია და გადარდებს თუ არა შენი სათქმელის, კულტურის და ცოდნის იმ საზღვრებს გარეთ გავრცელება, რომლებიც ათასობით წლის წინ ვიღაც მეფეებმა, პირობითად დაიტანეს რუქაზე.
ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ ზედმეტად ვიფილოსოფოსო იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო მრავალენოვანი ინტერნეტში, უმჯობესი მგონია გავაზიარო ჩემი გამოცდილება და ვისწავლო ჰორიზონტის იქეთ ყურება, რადგან ვიცი, რომ ამით გასაოცარი რაღაცეების აღმოჩენაა შესაძლებელი. გახსნილი გონება, ინტერენსსაც გახსნილს ხდის.